ბოლო პერიოდში არერთი სტატია თუ სიუჟეტი დაეთმო ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს_ონლაინ სესხებს. გამოითქვა არაერთი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, უნდა აიკრძალოს თუ არა აღნიშნული სერვისი, ხოლო თუ კვლავ განაგრძობს არსებობას, რა ფორმით და რა რეგულაციის პირობებშია მისაღები მისი არსებობა.
KSC Legal წინააღმდეგია ყოველგვარი ხელოვნური აკრძალვის, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ამ სერვისით მოსახლეობის დიდი ნაწილი სარგებლობს. აკრძალვა მოსახლეობაში ბუნებრივად გააჩენს ფულადი რესურსების ალტერნატიული გზებით მოძიების აუცილებლობას, მათ შორის არალეგიტიმური გზებითაც.
თუმცა, მეორე მხრივ, ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაციების ზოგიერთი ქმედება ლეგიტიმურ ჩარჩოებს სცილდება. წინამდებარე სტატიის მიზნებისათვის მხედველობაში გვაქვს პირგასამტეხლოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები.
არავისთვის უცხო არ არის ის ფაქტი, რომ სესხის გადახდის რამდენიმეთვიანი ვადაგადაცილების შემთხვევაში ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაციები მსესხებლებს სთხოვენ პირგასამტეხლოს სახით არაგონივრულად დიდი თანხის გადახდას, რომელიც ხშირ შემთხვევაში რამდენიმეჯერაც კი აღემატება გაცემული სესხის ოდენობას. როგორც ცნობილია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო (სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი), მაგრამ მხოლოდ სასამართლო დავის არსებობის პირობებში. დავის არარსებობისას მსესხებელი დამოკიდებულია გამსესხებელი ორგანიზაციის კეთილ ნებაზე, შეამცირებს, თუ არა ეს უკანასკნელი მის მიერვე დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობას.
წინამდებარე სტატიის მიზანია, დავადგინოთ, აქვს თუ არა ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაციების მიერ პირგასამტეხლოს (მიუხედავად მისი ოდენობისა) მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით. იმპერატიული მოთხოვნის არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ხელშემკვრელ მხარეებს არა აქვთ შესაძლებლობა შეცვალონ კანონმდებლის ნება და თვითონ განსაზღვრონ შეთანხმების ფორმა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იცნობს ხელშეკრულების/შეთანხმების მხოლოდ ორ ფორმას (ზეპირი და წერილობითი). იმისათვის, რომ სახეზე გვქონდეს წერილობითი ფორმით დადებული გარიგება, აუცილებელი პირობაა, წერილობით დოკუმენტზე განხორციელებულ იქნეს გარიგების მხარეთა ხელმოწერები (სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლი). „ონლაინ სესხების“ გაცემისას არ ფიგურირებს არავითარი წერილობითი დოკუმენტი და მით უმეტეს არ ხორციელდება მხარეთა მიერ ხელმოწერების განხორციელება. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად ონლაინ სასესხოსამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოადგენს წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებას.
მატერიალური დოკუმენტბრუნვის პარალელურად თანამედროვე გამოწვევებმა გარდაუვალი გახადა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის დანერგვის აუცილებლობა. სწორედ ამ მიზნით 2008 წელს მიღებულ იქნა ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის და მასში ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს. კანონმდებელმა ელექტრონულ დოკუმენტზე ციფრული ხელმოწერის განხორციელება იურიდიულად გაუთანაბრა მატერიალურ დოკუმენტზე პირად ხელმოწერას, მაგრამ მხოლოდ იმ პირობებში, თუ დაკმაყოფილებულია მთელი რიგი მოთხოვნები: სახეზე უნდა იყოს ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატი/მოწმობა; ციფრული ხელმოწერა განხორციელებული უნდა იყოს დახურული გასაღების გამოყენებით; შესაძლებელი უნდა იყოს ციფრული ხელმოწერის ნამდვილობის შემოწმება და დადასტურება, ციფრული ხელმოწერა დაკავშირებული იყოს მხოლოდ ხელმომწერთან და მისი მეშვეობით შესაძლებელი იყოს ხელმომწერის ვინაობის დადგენა.
„ონლაინ სესხების“ გაცემისას მხარეთა მიერ არ ხდება ციფრული ხელმოწერების გამოყენება. შესაბამისად ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ონლაინ სასესხოსამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოადგენს წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებას.
სამწუხაროდ „ონლაინ სესხებთან“ დაკავშირებით საქართველოში სასამართლო პრაქტიკა საკმაოდ მწირია და ეს ბუნებრივიცაა: ჯერ ერთი იმიტომ, რომ მსესხებელთა უმეტესობას არა აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს კვალიფიციური ადვოკატის მომსახურებით და მეორე, უმრავლეს შემთხვევაში სადავო თანხა აპელაციის დასაშვებობის 1000 ლარიან ზღვარს არ სცილდება. მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში (საქმე N ას8988482015; 09/03/2016) სამართლებრივი შეფასება მისცა ელექტრონულ აუქციონში (ელექტრონულ აუქციონში მხარეთა სამართლებრივი ურთიერთობა ფორმის მიხედვით ონლაინ სასესხოსამართლებრივი ურთიერთობისაგან არაფრით განსხვავდება) მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას და მიუთითა, რომ ვინაიდან ელექტრონულ აუქციონზე შესაბამისი მოქმედებების განხორციელების დროს მხარეთა მიერ არ ხორციელდება ელექტრონული ხელმოწერების გამოყენება, ადგილი არა აქვს ხელშეკრულების წერილობით დადებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება ბათილია.
დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ვინაიდან ონლაინ სესხის გაცემისას არ ხდება ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადება, „ონლაინ სესხების“ გამცემი ორგანიზაციების მიერ მსესხებლებისათვის პირგასამტეხლოს მოთხოვნა მოკლებულია ყოველგვარ კანონიერ საფუძველს.